ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსზე პრაღაში
სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროს ქართველი სპეციალისტები მონაწილეობენ საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსში „Clinical Assessment and Testing in Physiotherapy“, რომელიც მიმდინარეობს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში.
კურსს უძღვებიან ჩეხი სპეციალისტები — კვეტა ბენედიქტოვა და იაკუბ კოზელი, რომლებიც მონაწილეებს აცნობენ თანამედროვე კლინიკური შეფასებისა და რეაბილიტაციის მიდგომებს.
სასწავლო პროგრამა აერთიანებს ფიზიოთერაპიული შეფასების პრინციპებს, ფუნქციურ და ორთოპედიულ ტესტირებას, მოძრაობის ანალიზს, მანუალურ თერაპიასა და სხვადასხვა ფიზიოთერაპიულ მოდალობებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლინიკურ აზროვნებას, პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული რეაბილიტაციის დაგეგმვასა და პრაქტიკაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებას.
კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე — მონაწილეები მუშაობენ რეალურ კლინიკურ სცენარებზე, ახორციელებენ შეფასებას, ტესტირებას და ქმნიან სრულ რეაბილიტაციის გეგმებს შესაბამისი მონიტორინგისა და ხელახალი შეფასების მექანიზმებით.
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართველი სპეციალისტების პროფესიული განვითარების მიმართულებით და ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის პრაქტიკაში საქართველოში.